18 ოქტომბერი, 2018
მოგესალმებით,
გვინდა, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებსა და ღირებულებებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, ჩვენთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად, ძალიან ვერიდებით ჩვენი შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. პარტიის შიდა კვლევები ზოგადად ტარდება საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი იყო საზოგადოების ინტერესი, მათ შორის მედიის მხრიდან არაერთგზის გამოიხატა დაინტერესება ჩვენი კვლევის შედეგების მიმართ, მივიღეთ გადაწყვეტილება მონაცემების გასაჯაროების შესახებ.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას), საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:
- სალომე ზურაბიშვილი: 27%
- გრიგოლ ვაშაძე: 10%
- დავით ბაქრაძე: 9%
- სხვა კანდიდატები: 6%
არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას გამოკითხულთა 48% და ხედავთ, რომ მონაცემები საკმაოდ მაღალია.
შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:
- სალომე ზურაბიშვილი: 53%
- გრიგოლ ვაშაძე: 19%
- დავით ბაქრაძე: 17%
- სხვა კანდიდატები: 11%
აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას:
- სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს;
- მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე შტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს.
როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის რეალური სურათი და სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას, რეალობის მოდელირებას და მუდმივად აკეთებენ მინიშნებებს რევოლუციურ სცენარზე.
თუმცა, მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციიდან გამომდინარე, მათ ყოველდღიურად უვარდებათ რევოლუციური სცენარისთვის წარმოებული კამპანიები და ისინი ვერ ახერხებენ ხელოვნურად საპროტესტო მუხტის აწევას. ამის დასტურია მათ მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებაც.
მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ.
ხმათა 36%-ის მიღება იმ 2 კანდიდატის მიერ, რომელთა პოლიტიკური ძალა მხილებულია ადამიანების ღირსების შელახვაში, წამებაში, გაუპატიურებაში, ბიზნესის რეკეტში, ჩვენი ისტორიული რეგიონების რუსეთისთვის ჩაბარებასა და მრავალ სხვა მძიმე და სისტემურ დანაშაულში, არ წაადგება საქართველოში დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებასა და პოლიტიკური კულტურის განვითარებას.
დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების თანადგომით ჩვენ და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ ქმედებებს საკადრისი პასუხი გაეცემა ამომრჩევლის მხრიდან.