×

24 სექტემბერი, 2018

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სურვილია ევროპული ყაიდის საარჩევნო კამპანია, სადაც საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველს ესაუბრებიან საკუთარ ხედვაზე, საკუთარ უპირატესობებზე. ამის ნაცვლად, ჩვენი ოპონენტები წარმართავენ ისეთ კამპანიას, რომელიც აგებულია იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, არ დავუშვებთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი და რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ ნამდვილად სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა ნაციონალური მოძრაობის პარტიული მედია. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია მხარდამჭერთა გაყალბებულ სიებთან, ესეც ნაცმოძრაობის სტილია. ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ ამომრჩეველს, არც სხვის ამომრჩეველს. მათ გაყალბებული საარჩევნო სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე, 2016 და 2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ფიქტიური ბლოკების პრობლემაზე. 

 

„როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრირებულნი არიან ფიქტიური საარჩევნო სუბიექტები. ფიქტიური სუბიექტების წყალობით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამატებით დაფინანსებას იღებს საარჩევნო ადმინისტრაციიდან და, ასევე, ისინი დამატებით იღებენ უფასო საეთერო დროს, ეს არის მანიპულირება და ეს არის პრობლემა საარჩევნო თვალსაზრისით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ“,- აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა  მდივანმა. 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები  დღეს დილით დიპლომატიურ კორპუსსა და დამკვირვებლებს შეხვდნენ. მათ მიაწოდეს  დეტალური ინფორმაცია  აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. ინფორმაციაში მითითებულია იმ ადამიანების  სახელები და გვარები, რომლებსაც უნდა მოეწყოთ ეს პროვოკაციები. მოგვიანებით, პროვოკაციები რეალურად სწორედ აღნიშნული პირების მიერ განხორციელდა.  „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს  დიპლომატიური კორპუსისა და საარჩევნო დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც არის ძალიან შორს ევროპული პრაქტიკისგან. 

 

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საზოგადოების თანადგომით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისათვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით. მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და წარმართონ ჯანსაღი, ევროპული ტიპის კამპანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.