01 ოქტომბერი, 2018
ბიძინა ივანიშვილი - სხვებს აბრალებენ იმას, რაშიც თვითონ არიან დამნაშავეები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდ დანაშაულად 2008 წლის ომს მიიჩნევს.
„აგვისტოს ომის დროს, ყოფილმა ხელისუფლებამ დაღუპული ჯარისკაცები მიატოვა, ცოცხალი ჯარი კი ტყეში დატოვა - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ცდილობს სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს ღალატი, რასაც ისინი თავად სჩადიოდნენ.
„ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდათ ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი.
გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ, ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში, რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს, როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს მოღალატეები, პირდაპირი მნიშვნელობით, მოღალატედ ცდილობენ მონათლონ ქალბატონი სალომე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.