×

16 სექტემბერი, 2018

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობის შესაბამისად ვიმოქმედოთ“ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია - რეალიზაციას არა.

 

„როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტში შემოსულია კანონპროექტების ორი პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორ ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა. ჩვენ შსს-ს თხოვნით სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების განწყობის შესაბამისად ვიმოქმედოთ. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი მნიშვნელოვანის საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. საზოგადოებისთვის ეს თემა ძალიან აქტუალურია, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის , რომ ეს საკითხები სწორად მოწესრიგდეს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დარჩენილია ვაკუუმი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეივსოს. შესაბამისად, მომავალ სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტების პაკეტის განხილვა,რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას.

 

„საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე და ამის თაობაზე სათანადოდ იქნება ინფორმირებული საზოგადოება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ არ გვეჩქარება. მთავარია, საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

მისი თქმით, დღეს საზოგადოებას ინფორმაცია იმაზეც კი არ აქვს, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან ხდება სპეკულაციები და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

„დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სრულიად მისაღები იქნება ინფორმირებული საზოგადოებისთვის“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეკლესია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები იყო და კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საარჩევნო პერიოდში ოპონენტების მხრიდან ხდება არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც მათ ინტერესებშია.

 

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან. იმიტომ რომ ვაკუუმია შესავსები, რომელიც დაგვიტოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. რაც შეეხება ზოგადად ერთიან ინიცირებას, ეს თავისთავად იყო ლოგიკური, ერთ თემას ეხება მაინც საქმე. თუმცა აშკარად ჩანს, რომ ამ მეორე ნაწილში, კერძოდ, მცენარე კანაფის წარმოების საკითხში,საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, ვხედავთ სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე და საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ საბოლოოდ გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. საზოგადოებაში ვგულისხმობ საქართველოს მოსახლეობას და ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც დისკუსიაშია ჩართული, მათ შორის საპატრიარქოსაც. მთავარი არის ის, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მივიღოთ -ეს ერთი და მეორე - მივიღოთ ქვეყნისთვის უფრო მეტად სასარგებლო გადაწყვეტილება. რაც შეეხება საზიანო მხარეს, აქ გვინდა საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი არავითარ შემთხვევაში არ არის ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზებაზე. ეს არის საზოგადოებისთვის მთავარი. მათ სხვა რამე ჰგონიათ და სხვა რამეზეა კანონპროექტში საუბარი. თქვენ თუ ჩართავთ ზოგიერთ ტელეარხს იქ გაიგებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საუბარია კანონპროექტში ნარკოტიკების წარმოება-რეალიზებაზე, რაც არის ტყუილი.

 

რაც შეეხება სარგებელს საზოგადოებისათვის, არის კონკრეტული ეკონომიკური გათვლები, რომელიც არ არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული. დაკავშირებულია მცენარე კანაფთან და მის სამედიცინო თვისებებთან და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებასთან. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება ნამდვილად შეიძლება იყოს სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომ ყველაფერს ავწონ-დავწონით, მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას და საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება საზიანო საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და რომელიც იქნება პირიქით სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ არის აქ საუბარი იმაზე რომ რაღაც უნდა დათმოს ეკლესიამ. „დათმობაზე შეიძლება იყოს საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს და ამაზე არ არის საუბარი კანონპროექტში. აქედან გამომდინარე საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა” - განცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, პაკეტის ორად გაყოფა ნიშნავს თუ არა დათმობას, იმ ფონზე, რა ვნებათაღელვაც წამოვიდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

 

„გნებავთ, ამას დათმობა უწოდეთ, დათმობაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არა ის, თუ კონკრეტულ სპეკულაციებში ვინ გამოჩნდება უფრო გამარჯვებული, არამედ, ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებასთან მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები გვქონდეს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოების ინფორმირება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ინფორმირებული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ“.