08 ნოემბერი, 2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოეწყო, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს და მერობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში წარმატებების უსურვეს.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არჩევნების მეორე ტურია, რომელიც ქუთაისში გაიმართება. ქალაქში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ქუთაისს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ქუთაისელებისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის მერობის კანდიდატი კარგი თანამებრძოლია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითოეული ქუთაისელის თანადგომა სჭირდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეული მხარდამჭერის გვერდში დგომა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიზნები, რომელიც დაისახა „ქართულმა ოცნებამ“ განხორციელებულიყო.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა, სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ მმართველმა გუნდმა ჩაატარა ძალიან რთული საპარლამენტო არჩევნები და მოახერხა მაღალი შედეგის მიღწევა, ასევე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობის 56%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.
„მიხარია, რომ განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი ახალი ენერგიით შეუდგება განვითარების ახალ ეტაპს და ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება გიორგი ჭიღვარია, რომელიც არის გამორჩეული ადამიანი თავისი პატიოსნებით, საქმისადმი დამოკიდებულებით და გამოცდილებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ამომრჩეველს სიტყვით ასევე მიმართა გიორგი ჭიღვარიამ. მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს გვაქვს საშუალება, რომ არჩევნები თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩავატაროთ. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ ბრძოლისთვის, რაც გადავიტანეთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც თქვენი თანადგომა გვჭირდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა ჭიღვარიამ შეხვედრაზე.