01 ნოემბერი, 2017
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე კალაძემ ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელობას თბილისში დაგეგმილი ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს. KfW-ის წარმომადგენლები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ და ფინანსური დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ქალაქისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით პროექტების დაფინანსებაში.
„როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, ჩვენმა გუნდმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლებლობა აქვს დააყენოს მზის ენერგიის პანელები ან ქარის მცირე სიმძლავრის სადგური. შედეგად, გამოიმუშავოს ელექტროენერგია, რომელსაც თავად მოიხმარს, ზედმეტ ენერგიას კი სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდის“, - აღნიშნა კალაძემ და განმარტა, რომ ბანკის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებითაც გამოთქვეს მხარდაჭერა, რათა ქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდეს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერობის კანდიდატის თქმით, ბანკი მზად არის გამოყოს თანხები, როგორც ავტობუსების განახლებისთვის, ასევე, მეტროს რეაბილიტაციისთვის.
„კონკრეტულ პროექტებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები კი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კონსულტაციების გავლის შემდეგ იქნება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.