15 მაისი, 2014
საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების 25 კაციანი პროპორციული სია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ „მთაწმინდის პარკში“ წარადგინა. „ჩვენ მოკლე ხანში დავამტკიცეთ, რომ ვართ ადამიანზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი ძალა, რომლისთვისაც დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს, რომელიც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ თქვენთან ერთად! ყველამ ერთად სიყვარულით და ერთობით მივიყვანოთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე! ერთად ავაშენოთ საქართველო! ერთად ვიზრუნოთ თბილისზე! ერთად ავაშენოთ თბილისი! ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!- განაცხადა კახა კალაძემ . თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დეპუტატობის კანდიდატებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გუნდური მუშაობით და საერთო მიზნისკენ სწრაფვით წარმატებას მიაღწევს. „ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიზრუნოთ თბილისსა და საქართველოზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.