13 მაისი, 2014
''მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აღვიქვამთ'', - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.
მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.