×
×

22 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

 

„სერიოზული პრობლემაა მშენებლობების მტვერი, ასევე, უსაფრთხოების დაცვა - ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი და ძალიან პრინციპულები ვიქნებით, რომ მშენებლობების პროცესში გამოყენებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ხოლო ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.„მე არ ვარ მშენებლობების წინააღმდეგი, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ ჩვენს შვილებს ქალაქი არ დავუმახინჯოთ“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს.

 

თბილისის მერობის კანდიდატმა საბურთალოს ამომრჩევლებს სხვა პროგრამულ საკითხებზეც ესაუბრა და მათ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილი წარუდგინა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი.