22 სექტემბერი, 2017
სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენას ხელი შეეწყობა.
„სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი. რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ, მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებას - ძველების აღდგენისა და ახალი რეკრეაციული ტერიტორიების შექმნას დაეთმობა, რომელიც დედაქალაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
„ვიზრუნებთ თბილისის გარშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გავრცელდეს დაავადებები, ასევე, დროულად იქნეს ტყეები და ქარსაფარი ზოლები მოვლილი“, - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.