22 სექტემბერი, 2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
ამის შესახებ მან დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და ამ მიმართულებით, თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე, დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
„მჯერა, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნას“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა მმართველი გუნდის ამოცანების პირველი ნაწილია.
„ყველაზე მტკივნეული ჰაერის დაბინძურებაა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი გრუნტია, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მწვანე საფარით კარგად არ არის დაფარული. ასევე, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მშენებლობები. ვფიქრობთ, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, მათ შორის, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებისა და ქალაქგანვითარებაში სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხების, როგორც გამჭოლი ხაზის შეტანით, იქნება გადამწყვეტი გზა, რომელის ეტაპობრივად შეგვაქმნევინებს ისეთ დედაქალაქს, რომელიც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.