×

22 სექტემბერი, 2017

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  

 

კახა კალაძის თქმით, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

 

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

„დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე, დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

 

ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოებას დეტალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძე გააცნო.

 

ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.

 

მისივე განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - ეს არის დედაქალაქში დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.

 

ამასთან, მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება. კერძოდ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენას ხელი შეეწყობა.

 

„სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი. რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ, მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

 

მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებას - ძველების აღდგენისა და ახალი რეკრეაციული ტერიტორიების შექმნას დაეთმობა, რომელიც დედაქალაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დასვენების შესაძლებლობას მისცემს. 

 

„ვიზრუნებთ თბილისის გარშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გავრცელდეს დაავადებები, ასევე, დროულად იქნეს ტყეები და ქარსაფარი ზოლები მოვლილი“, - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

მაია ბითაძის თქმით, ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე  საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკების განვითარება.

 

„ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკები, ასევე,  განახლდეს ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის, ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიის თავისუფლად სარგებლობის საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ისეთი ქუჩების გამწვანებას, რომელიც ტრანსპორტითაა დატვირთული, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს.