×

21 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო

 

თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს - ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.

 

„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა. დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ამიტომ, ის პროექტები და პროგრამა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ამაზეა გათვლილი - მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. რა მოგვიტანა მხოლოდ ცენტრალური უბნების და რაიონების განვითარებამ, ყველა ვხედავთ - ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა-ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ, ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, მათი განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, ქალაქის განვითარების ხედვაზე 4 თვის განმავლობაში მის გუნდთან ერთად კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი მუშაობდა. „მე მგონია, რომ მართლაც საუკეთესო პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კახა კალაძე ამომრჩევლებს ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზეც ესაუბრა.

 

შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან მამულაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამომრჩეველს 2017-2018 წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.