04 სექტემბერი, 2017
თბილისის რაიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა რაიონში მოეწყობა, ახლებურად დაიგეგმება „თბილისობა“ და სხვა კულტურული ღონისძიებები.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მომავალ წელს გაგრძელდება როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ბაღების მშენებლობა.
„2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა - საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, 12 საბავშვო ბაღის პროექტი განახორციელა, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.