×

11 მაისი, 2014

გუდიაშვილობაზე გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად მემორანდუმი გაფორმდა

მოცემული მემორანდუმი ფორმდება კოალიცია „ქართული ოცნების“ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარს“ შორის გუდიაშვილის მოედნის იერსახის აღდგენასთან დაკავშირებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ბოლო წლებში გუდიაშვილის მოედანზე არსებულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციასთან დაკავშირებული საკითხი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. სამწუხაროდ, ამ დრომდე, შესაბამისი ორგანოების მიერ, არ გადადგმულა გუდიაშვილის მოედანზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო წესების დაცვით რეაბილიტაცია-რესტავრაციისა და მისი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდ¬რეობის მომავალთან დაკავშირებული პროცესები გაუმჭვირვალეა და სათანადოდ არ არის უზრუნ¬ველ¬ყო¬ფილი მასში საზოგადოების შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გუდიაშვილის მოედნის და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, აუცილებელია შემდეგი:

1. მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები ,,თბილისის განვითარების ფონდმა’’ საკუთრებაში გადასცეს თბილისის თვითმმართველობას;

2. გამოცხადდეს საერთაშორისო ღია კონკურსი მოედნის განვითარების კონცეფციისა და სარესტავრაციო პროექტების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს მოედნისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას. საკონკურსო პირობების შექმნასა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენაში ჩაერთოს პროფესიონალთა ფართო სპექტრი. პროცესი იყოს გამჭვირვალე, საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც პროფესიული, ასევე დაინტერესებული საზოგადოებისთვის;

3. თბილისის თვითმმართველობამ პირობებიანი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს ობიექტების გასხვისება. გასხვისების პროცესში ყოველ ობიექტს დაერთოს კონკურსის ფარგლებში შექმნილი კონცეფცია და სარესტავრაციო დოკუმენტაცია. მკაცრად და მკაფიოდ განისაზღვროს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ვადები, წესები, პირობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;

4. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთონ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფები, „ტფილისის ჰამქრის“ ჩათვლით, რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა ამ ისტორიული მოედნის შენარჩუნებისთვის.

მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რაც გამოიხატება ამ მემორანდუმში ჩამოყალიბებული ყველა პუნქტის შესრულებით.