×

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ქობულეთის მოსახლეობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან გარღვევას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ისახავს მიზნად.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის ცენტრალური ფიგურა ადამიანია და მისი ღირსება, უფლება, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და არავინ ახორციელებდეს მასზე არანაირ ზეწოლას, უზენაესია.
„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვაგან და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ მსხვილ თუ წვრილ ბიზნესმენს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამგვარი ზეწოლის ობიექტი გახდა. ეს ყველაფერი დიდი მონაპოვარია და ამყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რაც სწრაფი ნაბიჯებით განხორციელდება. ასევე, გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.