×

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ხულოს მოსახლეობასთან

საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთ მუშტად შევიკრათ, - ამის სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხულოს მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო აღარ უნდა დაბრუნდეს წარსულში, უნდა წავიდეს მხოლოდ წინ და ამის გარანტიას, უალტერნატივოდ, „ქართული ოცნება“ იძლევა.

„არც ერთი ადამიანის ღირსებაზე არ გადავივლით და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათაც, ვინც შეიძლება დღეს გზააბნეული იყოს, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც სერიოზული წინსვლისა და ეკონომიკური გარღვევის მომტანი იქნება.

გასული ოთხი წლის უმთავრეს მონაპოვრად კი პრემიერ-მინისტრმა ადამიანის ღირსება და თავისუფლება დაასახელა.

„დღეს ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რომელსაც ჩვენ ხელის გულზე ციმ-ციმ ვატარებთ და რომელიც ჩვენთვის ყველაზე გასაფრთხილებელია. საქართველოში აღარასოდეს უნდა მობრუნდეს ის პერიოდი, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, ბიზნესმენებს აიძულებდნენ სხვადასხვა პროექტის გაკეთებას, ოჯახის წევრებს უჭერდნენ. რა თქმა უნდა, წარსულში იყო დადებითი მომენტებიც და ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ბევრი უარყოფითიც. ჩვენ უნდადავინახოთ კარგიც და ცუდიც. ჩვენ არ ვართ არაობიექტურები, ჩვენ ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს და სიმართლე არის ერთი, რომ 2012-მა წელმა საქართველოში შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია ქართველი ხალხი.დღეს ტელევიზიებს არავინ ერჩის, წერენ და გადმოსცემენ, რაც მათ სურთ. ხშირად არის უსამართლო, ხშირად არის დამახინჯებული რეალობა, მაგრამ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა. დაწმუნებული ვართ, ქართველ ხალხს გააჩნია იმის შინაგანი ძალა და ენერგია, რომ ასეთი თავისუფლებით მიაღწიოს ყველაზე კარგ შედეგს - განავითაროს ჩვენი ქვეყანა და მოუტანოს უკეთესი მომავალი ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განათლების სისტემის ძირეულ რეფორმასა და პედაგოგების დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წლიდან, პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება, რისთვისაც გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება.

„ქუთაისში დაიწყო საქართველოსთვის უპრეცენდენტო მასშტაბის უმაღლესი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და საქართველოში მთლიანად შეცვლის ამინდს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ ბიზნესი და 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგება დივიდენდის სახით არ გადანაწილდა. თუ მოგება იქნება ჩაბრუნებული ბიზნესის განვითარებაში, ის მოგების გადასახადით არ დაიბეგრება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.