11 სექტემბერი, 2016
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. დღეს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. „ მთავარია ერთობა ერთსულოვნება და თქვენი გვერდში დგომა, სხვანაირად წარმოუდგენელია ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება, განსხვავებული ინფრასტრუქტურით, განსხვავებული შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საბოლოოდ იგრძნოს კეთილდღეობა, ყველა ცენტრალური ავტობანი, სოფლის გზები იქნება დასრულებული, ეს ყველაფერი გვაძლევს საქართველოში, დაახლოებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას, ეს რეალური გეგმაა, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ არ გვინდა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ისე, რომ ვინმეს დედა, მამა იყოს დაჩაგრული, ეს არცერთი პატარას ცრემლად არ ღირს, ეს საქართველოში არასდროს განმეორდება, ჩვენთვის კანონი უზენაესია.“- განაცხადა კახა კალაძემ. მომავალი საქმიანობის და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. „ჩვენ მოსახლეობას დავპირდით სახლების დაკანონებას და ეს შესრულებულია, შევპირდით საბავშვო ბაღის მშენებლობას და შენდება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას დავპირდით და ისიც მოწესრიგდა. ვეტერანებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ვპირდები მათ, რომ ჩემი პარლამენტში შესვლისთანავე შევიტან კანონპროექტს, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, თქვენ ხართ ხალხი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის, თავისუფლების ფასი. დღეს უფრო მეტად ძლიერები ვართ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თანადგომას და მჯერა თქვენი მხარდაჭერის.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. წეროვანის დასახლებაში გამართულ შეხვედრას დევნილთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი და დუშეთის, მთიანეთისა და ყაზბეგის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ.