×

04 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ახმეტის მოსახლეობასთან

ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი; ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სისწრაფე განვითარებაში; სწორედ ამის პირობას და გარანტიას ვიძლევით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარუდგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უმთავრესი ამოცანაა, არც ერთი წუთი აღარ გაცდეს და სწრაფი ნაბიჯებით ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა. „დავასრულოთ სიგიჟეები, ერთმანეთის ჭამა, დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით, სიყვარულით, მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შევიკრათ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე და ყველა ჩვენგანის შესაძლებლობების რეალიზაცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს უკვე ჩაყრილია საფუძველი, რათა ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს აუცილებლად მიიღწევა. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე და გამოყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში, ახალი საწარმოს შექმნის ყველა მსურველს, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა, ხოლო სახელმწიფო 50%-იან გარანტიაში შედის კომერციულ ბანკთან, რათა მსესხებელს -ახალ მეწარმეს გირაო გაუმარტივოს. „ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველამ ვიგრძნოთ შედეგი იმისა, რისი საფუძველიც ერთად ჩავყარეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, სტაბილურობის გარეშე სამომავლო გეგმებზე საუბარი შეუძლებელია. „გონივრული საგარეო პოლიტიკით შევძელით დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოება და ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში. შემდგომი ნაბიჯია საუბარი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში კომპრომისი ვერ იქნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილი რეგიონის ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება თუშეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის მხრივაც.
ახმეტის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე შემდგომში ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება. „ასევე, მინდა აუცილებლად ავღნიშნო და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების, რაც ახმეტელების მისამართით ჩაიდინა. მოგეხსენებათ, ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია და ფაქტობრივად, ეს რესურსი აღარ გახდა ხელმისაწვდომი ახმეტელებისთვის, პირიქით, მას შემდეგ უბედურების მომტანიც კი არის ზოგიერთი ოჯახისთვის. ამ საკითხზე სწორედ, პრემიერთან შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ. დღეს რა ხდება რეალობაში, ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის მაგივრად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, აქ ადგილზე დასაქმებულიყო ხალხი, თან უამრავი ამ მიმართულების სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში, მათ ეს სიკეთე არ ადგებათ. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, სწორედ ზეგ გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროში და გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ უკვე ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს ჩარევით, ეს რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი და ახმეტას კვლავ დაუბრუნდეს ის ფუნქცია, რომ ადგილზე შეიქმნას დამატებული ღირებულება და გახდეს სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. გეგმები მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს“,-განაცხადა გელა სამხარაულმა. მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს „ქართული ოცნების“ ხედვა და 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ. „მე მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ გააკეთებთ რეალურ არჩევანს და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“,-აღნიშნა გელა სამხარაულმა.