×

26 აგვისტო, 2016

შეხვედრა ონის მოსახლეობასთან 25.08.2016

საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის და ჩემი აზრით, არ არის სწორი ის, რომ ონს, ამბროლაურს, ცაგერს, ლენტეხს, მესტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა. 
მთავრობის მეთაური საქართველოში მთის რეგიონების მათემატიკური დაჯამებით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თითოეულ კუთხეს გააჩნია საკუთარი უნიკალური, თვითმყოფადი კულტურა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება, ხოლო ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. „განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც აქ ცხოვრობს, იგრძნოს ის სიკეთე, რომლის შეუქცევადი განვითარების საფუძველი, დღეს უკვე ჩაყრილია. გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვაპირებთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც იხარჯება, დამატებით 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაში - ეს არის არა მხოლოდ სატრანზიტო გზები, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მთავარი ტურისტული მიმართულებების გზები“, - განაცხადა პრემიერმა. 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია ადამიანების ღირსება, ის თავისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა თავდაუზოგავ ბრძოლაში მოიპოვა. „დღეს აღარ ერჩიან ბიზნესებს, არ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, არ სთხოვენ მობილური ტელეფონის დაშლას შესასვლელში - ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და წარსულში დარჩა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მეწარმეობის სულისკვეთების შექმნას და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას ისახავს მიზნად. პირველ გამარჯვებულ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილი დღეს შეხვდება. „ეს არის უპრეცენდენტო ფონდი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ქმნის დაფინანსების მოპოვების საშუალებას, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა. ფონდი შეიქმნა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ინიციატივიანმა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი საქმის წამოწყება, რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ონის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ რაჭის უდიდეს პოტენციალს გაუსვა ხაზი. „მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა. მე ვარ და ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში. ჩემს ცოდნას, უნარს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, გამოვიყენებ იმისათვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა. როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, მაგრამ მე ონში მეყოლება წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულად ონის პრობლემატიკაზე იმუშავებს. რაჭას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი, განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსები, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ კლასელთა რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა არის ქვეყნის კეთილდღეობა“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.