×

26 აგვისტო, 2016

შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან 25.08.2016

ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი არ ჩამოვარდება, არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის ღირსება უზენაესია. „ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარების პროცესი იგეგმება სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოთხი წლის თავზე თქვენ იხილავთ სრულიად სხვა, გაცილებით უფრო ფერად, გაცილებით აგუგუნებულ ქვეყანას, რომელშიც ყველა ადამიანი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ბევრ შეძლებულ ქვეყანას არ აქვს ასეთი უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, როგორიც საქართველოს. „დღეს მთიან რეგიონებში, ვეღარ ნახავთ სოფელსა და სოფელს შორის, ფეხით მიმავალ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ყველა ასეთ სოფელს ავტობუსი ემსახურება. დღეს ჩვენ ვდგავართ ოთხი წლის მიჯნაზე და მომავალი ოთხი წლისთვის გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ საქართველო მომავალი ოთხი წლის თავზე იმ წერტილამდე, როცა პროცესი შეუქცევადი იქნება და ყველა ოჯახი იგრძნობს შექმნილ კეთილდღეობას. ეს აბსოლუტურად რეალურია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერის განმარტებით, იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, რათა მომავალმა თაობამ, დრო და რესურსი არ დახარჯოს ისეთი პროფესიების დაუფლებაში, რომელთა სიჭარბეა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო საშუალო განათლებაშიც, რომლის მთავარი ღერძი უნდა იყოს დაფასებული პედაგოგი. „ჩვენ გვმართებს, ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში, გმირობის ფასად უზრუნველყვეს უწყვეტი განათლება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე და არა ტესტირებაზე, გამოცდებზე. ტესტირება საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება, ეს დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ყოველთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსის თავზე. მე პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი. დედაჩემი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი. დღეს მყავს ასევე ბებია, რომელიც 96 წლის არის და 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საქართველოში, კომაროვის სკოლაში. ასე, რომ ჩემთვის უცხო არ არის, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება მმართველი გუნდის გონივრულ საგარეო პოლიტიკასაც დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგია თუნდაც ის, რომ წელს საქართველოში 400 ათასზე მეტი ტურისტია ჩამოსული რუსეთიდან, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი. „ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივ დაპირისპირებაში იყოს. „ჩვენ, ერთიანი ძალით, აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება. არ შეიძლება ამდენი შეურაცხყოფის ატანა, არ შეიძლება, ბავშვები უყურებდნენ, მათი მშობლები როგორ ჭამენ ერთმანეთს. ეს არანორმალურია და თუ ჩვენ ეს არ დავასრულეთ, არაფერი გამოგვივა, ვიქნებით მუდმივ დაპირისპირებაში. ჩვენი პარტიის მოწოდებაა, გზა გავუხსნათ ყველა ადამიანს, მათ შორის, მივცეთ საშუალება იმ „გზააბნეულებსაც“, რომლებიც დღეს შეიძლება სხვა მოსაზრების იყვნენ, გაერთიანდნენ ამ ერთი მიზიდულობის ძალის ქვეშ, რომელსაც აუცილებლად შექმნის „ქართული ოცნება“, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი ყველაზე ძლიერი ძალა და სერიოზული ცვლილებების მომტანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ერთად დგომით უნდა დაუბრუნონ მთას სიცოცხლე. „მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ. თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი და წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რათა თქვენ იგრძნოთ უკეთესობა.ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, განვავითაროთ ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა და მინდა იცოდეთ, ლეჩხუმს ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. ჩემო საყვარელო ლეჩხუმელებო, უკვე ორი მოწვევაა, რაც მთიან რეგიონს წარმოვადგენ პარლამენტში და მთისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა ჩემთვის კარგად ცნობილია. სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება ჩვენს მიერ მიღებული „მთის კანონის“ ის ნორმები, რომლებიც ბევრ სოციალურ შეღავათს მოიტანს და თქვენ იგრძნობთ მის სიკეთეს. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს. გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.