×

26 აგვისტო, 2016

შეხვედრა მესტიის მოსახლეობასთან

ჩვენ ვართ ის გუნდი, ის მთავრობა, რომელსაც არასოდეს გაუთელავს ფეხქვეშ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, რომელიც ყველა ნაბიჯს მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის სიყვარულითა და პატივისცემით დგამდა ამ წლების განმავლობაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა. 
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ სვანეთი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდეს და განვითარდეს შიდა ტურიზმი. „სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - არა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოხუცებმა მოინახულონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ეს ულამაზესი კუთხე. ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტსკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის. იქ სერიოზულ ფინანსურ რესურსებზეა საუბარი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, რათა აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. აუცილებლად უნდა აშენდეს დამატებითი საბაგირო იმისთვის, რომ მესტიიდან შესაძლებელი იყოს ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა, რათა მოთხილამურეებს მესტიაში საბაგიროთი სარგებლობა გავუადვილოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე, აშენდება გზა ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი აბსოლუტური რეალობაა და ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ინტენსიური მუშაობა და რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რაც აუცილებელია, რათა შავი ზღვისპირეთიდან ამომავალმა ტურისტმა კომფორტული გზით ისარგებლოს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სვანეთში თითოეულ ოჯახში ამოვიდეს კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ. დამატებით შეღავათია მთის კანონი, რომელზეც ბევრი იშრომეს ამ კუთხის შვილებმა, რომლებიც მთის კომისიის მუშაობაში ძალიან აქტიურად საქმიანობდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება დაეთმო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს - ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, რაზეც საქართველოს ბიუჯეტის მესამედზე მეტი - 3 მილიარდი ლარი იხარჯება. „ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ვინაიდან, თუ არ გვეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა და ადამიანს, საკუთარი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, უკანასკნელ ქონებაზე ხელის აღება მოუწევს, მაშინ არაფერს აქვს ფასი. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, არც ერთ მთავრობას ამხელა ყურადღება არ დაუთმია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეს, ბავშვებისთვის აღარ არის საჭირო, სოფლიდან სოფელში სკოლაში ფეხით სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზეც დიდი რესურსი გამოვყავით. ჩვენ შევქმენით „სოლიდარობის ფონდი“, რომელშიც უამრავი ადამიანი საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დამატებით, რასაც სახელმწიფო გაიღებს ჯანდაცვისთვის, აგროვებს რესურსს, რომ ძალიან რთულ დაავადებებზე, რომელთა მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, ჩვენს ბავშვებს ვუმკურნალოთ უცხოეთში. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა სითბო, მეტი სიყვარული, რადგან 2011 წელს ამის საჭიროება ძალიან მძაფრად იგრძნობოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, განსხვავებული აზრი არ იდევნება, სატელევიზიო ეთერში ხშირად ისმის არცთუ სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ ეს არის ის სინამდვილე, რომელიც “ქართულ ოცნებას“ მოსწონს და რომლითაც აპირებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრების გაგრძელებას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი მიღწევაა ის, რომ ადამიანის ღირსება დღეს უზენაესი და დაფასებულია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ამაყია, მაგრამ არა - თვითკმაყოფილი, ხედავს შეცდომებსაც, თუმცა მოსახლეობას სთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებზე დაფუძნებულ ახალ გეგმას, რომლის მიზანია, საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომლის შექმნის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის და აუცილებელია, კუთხეებს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ.
მესტიის მოსახლეობასთან სიტყვის გამოსვლისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთის კეთილდღეობა საქართველოს სიძლიერეა. „მე დღეს ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ. თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი. მსურს ჩემი ცოდნა, უნარი და წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რათა თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, თითოეული თქვენგანის ოჯახმა მიიღოს კეთილდღეობა. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი, განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსი, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა საქართველოს სიძლიერეა. როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, თუმცა, ღელვის საფუძველი არ გაქვთ, რადგან, როგორც პრემიერმა განაცხადა, პარტიულ სიაში თქვენ გეყოლებათ წარმომადგენელი. ეს უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება, ვინაიდან, ერთდროულად ორი გულშემატკივარი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.