26 აგვისტო, 2016
ჩვენი მოქალაქეების ღირსება არის ყველაზე უზენაესი, რასაც ვემსახურებით, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ელოდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურ განვითარებაში და ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ეხება ბორჯომს, სადაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალია.
„მინდა, აბსოლუტურად რეალისტურად გითხრათ - ყველაფერი, რაც კეთდება ბაკურიანში, არის ბორჯომელებისთვის. რეგულარულ ავტობუსებს დავნიშნავთ ყოველი ნახევარი საათის, ერთი საათის განმავლობაში, რომელიც მთლიანად, ბორჯომის ყველა სასტუმროს მიაბამს ბაკურიანზე და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, შევკრათ ერთიანი კომპლექსი. დაწყებული გვაქვს კოხტა-მიტარბის მშენებლობა-აღდგენის პროცესი. ეს იქნება უნიკალური ტურისტული კომპლექსი. წელს დავამთავრეთ დიდველის მიმდებარედ ზაფხულის სამთო ციგის ატრაქციონის დამონტაჟება; ფრანგულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ ბიატლონის ტრასის დამონტაჟება-პროექტირება, რომლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება; ბაკურიანში უნდა აღდგეს სატრამპლინო სკოლა. ამ ყველაფერს დაემატება ჰოკეის 1000-კაციანი მოედანი, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე, დამატებით იქნება გასართობი, ახალგაზრდული ცენტრები, მათ შორის ბორჯომში. ეს ყველაფერი მთლიანობაში, აბასთუმნის კომპლექსთან ერთად, თვისობრივად სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ამ რეგიონის განვითარებას და ყველა თქვენგანის ოჯახი იგრძნობს ამას. რაც ყველაზე მთავარია, ამას ისე გავაკეთებთ, არც ერთ ბავშვს თქვენს ოჯახებში ცრემლი არ ჩამოუვარდება. ეს არის ყველაზე მთავარი. გაუმარჯოს, ერთიან, გაფერადებულ, აგუგუნებულ, დაქოქილ, ამუშავებულ საქართველოს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებით. მათ შორის, ის გზააბნეული ადამიანებიც, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ, საბოლოო ჯამში დარწმუნდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ერთადერთი, უალტერნატივო განვითარების გეგმის გარშემო“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბორჯომი და მთლიანად ბორჯომის რაიონი საქართველოს მარგალიტია და მთავრობას, ბორჯომის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის კონკრეტული გეგმები აქვს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს რეალობაა და მას აუცილებლად აღასრულებს მმართველი გუნდი, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის წინაშე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აქვს.
სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზე მაქსიმალური რესურსი დაიხარჯა.
პრემიერის განცხადებით, 3 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა; ასევე, უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას - ხორციელდება უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა მიზანია კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, რათა საქართველოს მოთხოვნილებები ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.
„დღეს სრულიად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემოა, ტელევიზიაში აღარ ისმის მთავრობის ქება-დიდება, პირიქით, ხშირად უსამართლოდაც ისმის კრიტიკა, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ, თავისუფლად საუბრობენ და აღარ ეშინიათ ხელისუფლების და მისი სადამსჯელო სტრუქტურების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა აცნობიერებს, რომ ყველა პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის და მათ მოსაგვარებლად აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეიდან 4 წლის თავზე, სხვაგვარ საქართველოს შექმნის და თითოეული ადამიანის ოჯახში კეთილდღეობას მოიტანს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძირეული ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში, რათა მომავალი თაობა არ მოტყუვდეს და არ დახარჯოს ძვირფასი რესურსები იმაზე, რომ ოთხი წლის განმავლობაში ნაკლებად საჭირო პროფესიებს მიჰყვეს, მაშინ, როდესაც ინჟინრების, ტექნოლოგების ძალიან მწვავე საჭიროება არსებობს და საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების არარსებობის გამო საჭიროა მათი უცხოეთიდან შემოყვანა.
„ჩვენ უნდა წავახალისოთ სპეციალობები, რომლებიც მეტად საჭიროა საქართველოში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. პედაგოგი უნდა იყოს უფრო მეტად დაფასებული. არ შეიძლება, მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავდეს ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში, მათ შორის ყველაზე გაჭირვებულ წლებში ციმციმ გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა. ისინი, იმსახურებენ, რომ მინიმუმ, მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობას ასევე აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ გადააქციოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეიდან 4 წლის თავზე, ყველა უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი და გზა დამთავრებული იყოს და ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ბორჯომი სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთოს.
ამასთანავე, პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობა უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ადამიანების საჭიროებასა და მომსახურებაზე ორიენტირებული. როგორც მან აღნიშნა, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩართოს მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის ბიუჯეტირების პროცესში, რათა ადგილობრივი საჭიროებები მეტად იყოს გათვალისწინებული.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა სტაბილურობა და მთავრობამ გასული ოთხი წლის განმავლობაში დაადასტურა, რომ გონივრული საგარეო პოლიტიკით შეძლო სიტუაციის დამშვიდება - ერთის მხრივ სწრაფი ნაბიჯები გადადგა ევროპის მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ ტემპერატურა დაწია ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში, განაახლა ვაჭრობა და ტურიზმი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ ტურიზმი 12 თვის განმავლობაში ბორჯომსა და ბაკურიანში. აუცილებელია, ბორჯომი არ იყოს მხოლოდ ზაფხულის კურორტი. ჩვენ უნდა დავტვირთოთ ბორჯომი ზამთარში ყველა თვის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ზამთრის სათხილამურო სკოლების განვითარების პროგრამა და უნდა აღვადგინოთ გაზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის, იმისთვის რომ გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაუმტკიცა და აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ადამიანების ჩაგვრის, ოჯახების გაუბედურების გარეშე.
„ ჩვენ ერთად ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ დღეს, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები და ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე, თავიანთ ქვეყნის მოსახლეობაზე“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კახა კალაძემ ამომრჩეველს 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში. თუმცა, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გახლავთ ის ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ და აუცილებლად შევძლებთ ერთად. ჩვენი მთავარი მონაპოვარი -ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის სწრაფი განვითარება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს, ეკონომიკურად განვითარდეს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელსაც ყავს ძალიან ძლიერი, გაწონასწორებული, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით და ჩვენ ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად აუცილებლად 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება ჰქვია, და ეს არ იფიქროთ, რომ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, მხოლოდ ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ჩვენი გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მინდა გაგამხნევოთ, დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ბორჯომი -ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გამარჯვების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბორჯომი ახლაც ამ გამარჯვების ავანგარდში უნდა იყოს.
„ნამდვილად მაქვს ის ემოციები, რაც ამ ადგილს თან სდევს. აქ ეროვნული მოძრაობის დროს იმართებოდა ძალიან ხალხმრავალი მიტინგები და მიხარია, რომ მაშინ, ვინც ერთად ვიდექით, დღეს ისევ ერთად ვართ. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის თანამებრძოლები ისევ შემოვრჩით ერთმანეთს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაშინ ჩვენ ყველა ვფიქრობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი სამშობლო. ოთხი წლის წინ აქ, ამ მოედანზე, როცა შემოვიდა პიკაპების ჯგუფი და განთავსდა პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინაც ერთად ვიდექით, ვიცოდით ერთი რამ-ჩვენ ჩვენს მომავალს არავის დავუთმობდით. ამაში ვიყავით დარწმუნებულები, იმიტომ, რომ ეს მომავალი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა. „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ბორჯომის ძალიან დიდი გამარჯვება. ამიტომ, დაპირებებზე არაფერს გეუბნებით. ჩვენ ბორჯომელებმა რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, ამაზე ვიფიქროთ. ჩვენს წილ ბრძოლაზე ვიფიქროთ, რომელიც შესატანია ამ დღეებში, რომ 8 ოქტომბერი არანაკლებ დიდი გამარჯვება იყოს სრულიად საქართველოსი. ჩვენ, ბორჯომელებმა, ამ გამარჯვებაში ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ახლაც ავანგარდში უნდა ვიყოთ. ამისთვის ვართ ჩვენ აქ შეკრებილები“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.