×
×

27 ივნისი, 2014

პრემიერ-მინისტრი საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოვიდა

დღევანდელი დღით კიდევ მრავალი წლის მანძილზე ვიამაყებთ,-ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
პრემიერმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიული დღე მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს ძმებს.
"მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ეს არის დღე, რითაც მრავალი წლის მანძილზე ვიამაყებთ. ეს არის გამარჯვება, რომელიც ეკუთვნის ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ ილიას. ეს არის საქმე, რომელიც მათი წამოწყებულია. ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა, მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი გამარჯვებისა. ჩვენ, ქართველი ხალხი, ჩვენი უნიკალურობით, დიდი კულტურით და ტრადიციებით უნდა შევიდეთ დიდ ევროპულ ოჯახში. გპირდებით, რომ ჩვენი ტრადიციებით და კულტურით შევალთ დიდ ევროპულ ოჯახში. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი წარმატებებისა",-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
საზეიმო კონცერტს ევროპის მოედანზე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს ასევე სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.