×
×

20 ივნისი, 2014

განცხადება

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელი პროვოკაციული ინციდენტის შემდეგ, მასში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნაცვლად იმისა, რომ აეხსნათ მოსახლეობისთვის, თუ რატომ და როგორ აღმოჩნდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შემლახველ უხერხულ სიტუაციაში, მათთვის ჩვეული სიცრუის ტირაჟირებით შეეცადნენ მომხდარის გადაფარვას. ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მარნეულსა და გარდაბანში განვითარებული მოვლენების განსახილველად იყო ჩასული. ეს განცხადება ძალიან საყურადღებოა. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე - რატომ და ვისთან არკვევდნენ ჩვენი პარლამენტის დეპუტატები მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მთავარი სტრატეგიული პარტნიორიცაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების არჩევანს, ამიტომ ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩრდილი მიაყენოს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს. ჩვენ არაერთგზის განვმარტეთ და კიდევ ვიმეორებთ, რომ შესაძლო ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა თავისი კანდიდატურა მარნეულში. ჩვენი წარმომადგენლის გამარჯვება კი იმის დემონსტრირებაა, რომ ამ რეგიონში არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ არსებობს, ხალხი ერთმანეთს ენდობა და არჩევანს ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ინტერესების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი ძალაა. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეტი ყურადღებით მოეკიდოს ქვეყნისთვის მეტად საფრთხილო საკითხებით მანიპულირებას და გადავიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმში, რისი ყველა პირობაც ჩვენმა ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს შეუქმნა.