×

17 ივნისი, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი

მისასალმებელია სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გამოჩენა არეალზე და ის, რომ საკრებულოები იქნება ჭეშმარიტად მრავალპარტიული,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეორე ტურში კოალიციას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უპირისპირდება. 
"მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან, ქართული ოცნებას“ „ნაცოონალური მოძრაობა“ უპირსპირდება მხოლოდ 6-ში. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი - 72 % ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოალიციის ლიდერმა საზოგადოებას ცესკოს ბოლო მონაცემები მიაწოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ - 13%-ით. 
"საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,"- აღნიშნა პრემიერმა. 
მან კიდევ ერთხელ მიულოცა, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და მიღწეული შედეგი.