14 თებერვალი, 2022
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს პარლამენტში განსახილველ საკითხებზე და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები:
საპარლამენტო უმრავლესობა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრის პოზიციებზე - გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს;
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე უმრავლესობა მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას;
საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას გააცნო ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში გამართული ვიზიტის შესახებ. განიხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას და 2 აპრილს რუსთავსა და ბათუმში გასამართ შუალედურ არჩევნებს.