03 ოქტომბერი, 2021
იცით, რომ თითქმის უკვე დასრულდა გუშინდელი არჩევნების შეჯამება. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, საერთაშორისო მისიების შეფასება გუშინდელი არჩევნების. დღეს მათ პირდაპირ ეთერში გამართეს პრეს-კონფერენცია, ეუთო/ოდირის მისიის, ევროსაბჭოს მისიის და ევროპარლამენტარების მონაწილეობით და ჩვენ ვნახეთ, რამდენად კარგად შეაფასეს მათ ეს არჩევნები, ჩვენ ეუთო/ოდირის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ისინი ულოცავენ საქართველოს, არჩევნები იყო მომწიფებულ და მშვიდ საარჩევნო პროცესში ჩატარებული და ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ეს შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამით ჩანს რამდენიმე რამ: საარჩევნო რეფორმა, რომელიც გატარდა და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ხაზგასმითაც შეფასდა, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არსებობს როგორც წარმატებული და დადებითი, ამას გარდა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებობს აბსოლუტური ნდობა სიების მიმართ, ის რომ კამპანია იყო თავად კონკურენტუნარიანი, ის, რომ არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში, ის, რომ ხმის მიცემის პროცედურა იყო გამართული, ის, რომ დათვლის პროცესი იყო შეფასებული, როგორც გამჭირვალე და ასევე ის, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესის ტექნიკური ნაწილი ეფექტიანად მართა.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს როგორც საარჩევნო რეფორმის, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წარმატებულობას. ისევე, როგორც ამ მისიებმა პირდაპირ მიულოცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს და დააფასეს მათი შრომა გუშინდელი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და საუბნო, საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო გუშინდელი გაწეული სამუშაოსთვის, პანდემიის პირობებში, იმ სტრესულ გარემოში, რომელიც გუშინ ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომ ასე წარმატებით გაართვეს თავი ამ არჩევნებს და ჩვენ უკვე ფაქტობრივად ყველა შედეგი შეგვიძლია ვნახოთ.
რა თქმა უნდა, იყო გარკვეული კრიტიკული მოსაზრებებიც გამოთქმული, განსაკუთრებით, ეს შეეხებოდა საარჩევნო გარემოს იმ კუთხით, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის, ასე შეაფასეს მათ, ვინაიდან რეფერენდუმზე საუბარმა გადაფარა ადგილობრივ საჭიროებებზე საუბარი და რასაც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავდით, ჩვენი კამპანია, რომელიც სრულად იყო აწყობილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტებს ეს კამპანია გადაყავდა ეგრეთწოდებული რეფერენდუმის სივრცეში.
გარდა ამისა ხაზი გაესვა მედია გარემოს და აქაც, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი კვლევები მათ შორის, რომელიც გვქონდა მედია გარემოსთან და სოციალურ მედიასთან დაკავშირებით აისახა ამ განცხადებაში და ხაზი გაესვა, რომ ერთის მხრივ, მართალია არსებობს კონკურენტული მედია გარემო, რაც კარგია, მაგრამ ამავე დროს ეს მედია გარემო არის მკვეთრად პოლარიზებული, რაც საერთო ჯამში იწვევს შერჩევით გაშუქებას, საბოლოო ჯამში კი, შედეგად მოაქვს ის, რომ ამცირებს მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. აგრესიული რიტორიკა, რომელიც სოციალურ მედიაში იყო და რომელიც ჩვენმა კვლევამაც აჩვენა, ესეც იქნა აღნიშნული.
საბოლოო ჯამში, გასახარია, რომ ევროსაბჭოს, ეუთოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულია განცხადებები, რომ მოელიან, პოლიტიკური კრიზის დასრულდება და ახლა უკვე პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.
კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა იმ მაღალი აქტივობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს გუშინდელ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იყო, გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით, ფაქტიურად გაიმეორა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ მოგვცეს ნდობის მაღალი მანდატი. გარდა ამისა, მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, ახლა დროა ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა. ის პოლიტიკური წონა, რომელიც გადაანაწილეს ჩვენმა მოქალაქეებმა ჩანს ადგილობრივ დონეზე. აქედან გამომდინარე, ამ წონის და ამ მანდატის გათვალისწინებით, მოემსახურონ ჩვენს მოქალაქეებს.