×

01 ოქტომბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

ვიდრე ბრიფინგის მთავარ თემას შევეხებით, მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ზუსტად 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ, პრემიერ მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.
დღეს სრულდება წინასაარჩევნო კამპანია და გვსურს, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი ორი თვე.
როგორც ყველას მოგეხსენებათ, არჩევნები წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ და მშვიდობიან გარემოში. მიუხედავად რამდენიმე მძიმე პროვოკაციისა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებამდე ბოლო ათი დღის განმავლობაში მოაწყო, მათ ვერ შეძლეს საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. სამწუხაროდ, ერთი პროვოკაცია დასრულდა მძიმე ინციდენტით და როგორც მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაშიც სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს მყისიერი რეაგირება. მადლობას ვუხდით ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოთმინებისა და პროვოკაციებზე მშვიდი რეაგირებისათვის.
დღემდე გამოქვეყნდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წინასწარი ანგარიშები, რომლებიც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ დადასტურებულა რაიმე საარჩევნო დარღვევა, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, ჩვენი პარტიის ათი ათასობით წევრსა და მხარდამჭერს, რომლებიც გასული ორი თვის მანძილზე ყველაფერს აკეთებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში „ქართული ოცნების“ ზედიზედ მერვე დამაჯერებელი გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
მადლობას ვუხდით სამართალდამცავ ორგანოებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და ყველა კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიას ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.
გასული ორი თვის მანძილზე, „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დედაქალაქსა და რეგიონებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და უბან-უბან ხვდებოდა მოქალაქეებს და ესაუბრებოდა საარჩევნო პროგრამაზე, იმაზე, თუ როგორ ხედავს თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებას, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას.
ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია საუბრობდა გაუგებარ რეფერენდუმზე, გაუგებარი გზავნილებით, რომლებიც სრულიად უინტერესოა საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეების მიმართ ეს დამოკიდებულება არჩევნების შედეგებზე მკაფიოდ აისახება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წყდება ადგილობრივი ხელისუფლების საკითხი. თუმცა, ბუნებრივია, ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვაც. ხვალ ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დასრულდება 2 ოქტომბრის არჩევნები, ქვეყანას მიეცემა მშვიდი და სტაბილური განვითარების, ეკონომიკური წინსვლის, სიღარიბის დაძლევის, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. ამისათვის კი, ხვალ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების სრული მობილიზაცია იმ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, უკვე წლებია, ქვეყანას მძიმე წარსულისკენ ექაჩებიან.
უნდოდათ რეფერენდუმი? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, მიიღებენ რეფერენდუმსაც და ეს იქნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების, მოძალადეებისა და მოღალატეების დამთავრების რეფერენდუმი.
ეს ჭირდება ქართულ დემოკრატიას, ეს ჭირდება ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის სიძლიერეს. რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფებების ადგილი ქართულ დემოკრატიაში არ არის. ამ ძალებს ქართული საზოგადოებისგან ხვალ საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.
როგორც ყველა სანდო სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დამაჯერებლად იგებს; ჩვენი მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტების უდიდეს უმრავლესობაში პირველივე ტურში იგებენ არჩევნებს.
ამასთან, არჩევნების საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ.
დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ გაიმარჯვებს „განვითარება ყველა რეგიონს“ და „მეტი სიცოცხლე თბილისის ყველა უბანში“.
საქართველოს წინსვლასა და განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს!