30 სექტემბერი, 2021
გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია მოახლოებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ოპოზიციას არ აქვს ხედვა და შესაბამისად, ვერაფერს ვერ სთავაზობს ჩვენს ამომრჩეველს შემდეგი 4 წლის განვითარებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ჩაატარა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობის წინაშე წარსდგა, როგორც გასული 4 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების კონკრეტული შედეგებით, ასევე გააცნო ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და რამაც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შემდეგი წლების განმავლობაში მეტი სიკეთე უნდა მოუტანოს.
მიუხედავად ჩვენს მიერ ჩატარებული არაერთი ბრიფინგისა თუ გაკეთებული განცხადებისა, ოპოზიციის რადიკალური ფრთა ორიენტირებულია არა 2, არამედ 3 ოქტომბერზე, დესტრუქციასა და არეულობებზე. ამ მხრივ აქტიურად არიან ჩართული პროცესში რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიები, ხოლო მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციას წინასაარჩევნოდ და ემზადებიან არჩევნების დღეს სუბიექტური მონიტორინგის განსახორციელებლად.
სამიოდე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ შუალედური ანგარიში იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირდნენ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად და რომლებიც საჯარო წყაროებით მტკიცდება, რომ არიან პირდაპირ კავშირში კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.
ჩვენ საჯაროდ მოვუწოდეთ მათ, წარმოედგინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა წყაროებით ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება; არ გვიკვირს, რომ მათ ეს არ გააკეთეს, რაც ამყარებს განცდას იმის თაობაზე, რომ ისინი ფინანსდებიან მათთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების მიერ.
დღეს წარმოგიდგენთ მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვება 2 ოქტომბრის არჩევნებზე.
30 სექტემბრის მდგომარეობით ცესკოს მიერ სულ დარეგისტრირდა 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლისგანაც არჩევნების მონიტორინგის წინა წლების გამოცდილება არ აქვს 16-ს. შესწავლილი საჯარო წყაროების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ 88 ორგანიზაციიდან 20 ორგანიზაცია, ანუ ფაქტობრივად ყოველი მეოთხე ორგანიზაცია აფილირებულია კონკრეტულ პარტიებთან; მათგან 15 აფილირებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 ევროპულ საქართველოსთან, ხოლო 2 პარტია საქართველოსთვის. საყურადღებოა, რომ 88 ადგილობრივ ორგანიზაციას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ჯამში ეყოლება 31170 დამკვირვებელი, რომელთაგან 8482 დამკვირვებელი მოდის პარტიებთან კავშირში მყოფ ჩვენს მიერ ხსენებულ 20 ორგანიზაციის წილად, რაც დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 27%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყოველი მეოთხე დამკვირვებელი იქნება ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას, რაც აფილირებულია არის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან. ცხადზე ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული სადამკვირვებლო მისია ვერ იქნება ობიექტური. ანალიზი და დასკვნა ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია.
აქვე გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციების იდენტფიცირება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიეტქებთან განხორციელდა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. არ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილ ორგანიზაციათა შორის შენიღბულად კიდევ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღნიშნულ ორგანიზაციებს გასააჯაროონ დაფინანსების წყარო. აქვე გეტყვით, რომ დღესვე, აღიშნული ინფორმაცია შესაბამისი ანალიზითა და თანდართული კატალოგით მიეწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.