×

25 სექტემბერი, 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების შესახებ. როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე დღეა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონებში, ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესონ უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. ამის პირველი მაგალითი გახლდათ მაშინ, როდესაც მთავარი არხის წარმომადგენელი შეიჭრა „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბში და ჩვენი მერობის კანდიდატს მიაყენა უხეში შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პროვოკაციები ბათუმში, ხელვაჩაურში და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებითაც, რაც რეალურად მიანიშნებს ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებზე და ნათლად მეტყველებს, თუ რა მიზნები აქვთ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, რომელიც იჩენს მოთმინებას, არ ჰყვება პროვოკაციას და აგრძელებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ღირსეული უკეთესი მომავლისთვის.
სამწუხაროდ, მძიმე ინციდენტით დასრულდა მათი პროვოკაცია ასევე დმანისში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მძიმე დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის.
გუშინწინ დესტრუქციული ქმედებების ეს ჯაჭვი გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, რომელმაც პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას არ მოჰყვა სათანადო შეფასება, რაც შესაძლებელია ნაციონალური მოძრობის მხრიდან მწვანე შუქად იქნეს შეფასებული.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს, ანალოგიური ქმედებები განახორციელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით.
მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, უარი თქვან პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე.
მივმართავ ყველას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ისე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე სადაც საშუალება გვექნება გავაკეთოთ თავისუფალი, მშვიდი არჩევანი. ამისთვის აუცილებელია ყველამ დაიცვას ის კანონები და წესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ვინაიდან სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დიდი ხანია დაკარგა იმის შესაძლებლობა, მოუსმინოს და გაიგოს, რა სჭირდება ქართველ ხალხს და ქართველ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ მივმართავ პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, კანდიდატებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და გააკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ პროვოკაციას მოჰყვეს მშვიდი რეაქცია, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, იმიტომ რომ ყველას გვჭირდება მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მთლიანად საზოგადოებამაც უნდა ავიღოთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ მშვიდი არჩევნები, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, ვინ უკეთ შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც გააჩნია ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.