×

22 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. 

მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, სიძულვილის და ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ  ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.

იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა ფეისბუკის ადმინისტრაციას.

ისევე, როგორც 2020 წელს ამჯერადაც, მთლიანი კვლევა რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს გაეგზავნება ფეისბუკის ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:

· სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

· ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში.

· ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურსების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს:

• „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.

• ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია.

• კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება.