×

10 სექტემბერი, 2021

ყაზბეგის მერობის კანდიდატის ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენა

ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში. თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორიელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ. თუნდაც ეს ერთი კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო. ვიბრძვით გაერთიანებული ძლიერი საქართველოსთვის და ამას სჭირდება ძლიერი რეგიონები. თითოეული კუთხე, რომელსაც აქვს პოტენციალი, უნდა იქნას ბოლომდე ათვისებული და ახალი შესაძლებლობები გაჩენილი. ზუსტად ამისათვის, ძალიან მნიშნელოვანი და აუცილებელია ძლიერი მერი და ძლიერი გუნდი საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, კანდიდატი, რომელზეც არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ბრწყინვალედ იცნობს აქაურობას, თითოეულ თქვენგანს და იგი ახალ ამპლუაში ბოლომდე დაუთმობს თავს იმას, რითაც მთელი გუნდი იამაყებს ოთხი წლის შემდეგ. - კახა კუჭავა

ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეტეოროლოგიური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება აღარცერთი გზა. ახალი გვირაბისა და გზის ამოქმედების შემდეგ, 10 სოფლის მოსახლეობას, კლიმატური პირობების გამო წარმოქმნილი არაერთი შეზღუდვა მოეხსნება და გარდა ამისა, შიდა გზების ქსელი მოეწყობა.

ის 10 სოფელი, რომელიც ამ გზაზე მდებარეობს და რომელსაც ზამთარში სწორედ კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების გამო ფიზიკური წვდომა არ ჰქონდა წამალზე, სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, მათ ეს გამოწვევა და პრობლემა საერთოდ მოეხსნებათ. მოეწყობა შიდა გზების ქსელი, რომლის პროექტის დამუშავება უკვე მიმდინარეობს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი. - ირაკლი ქარსელაძე

მჯერა, რომ სწორედ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შეძლებთ გადავლახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და ვიცხოვროთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ, ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ახლა უკვე როგორც მერმა, ისე მოვახმარო ჩემს ხალხს. გპირდებით, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება! - ბაკურ ავსაჯანიშვილი

#განვითარებაყველარეგიონს