04 სექტემბერი, 2021
მინდა, რამდენიმე მიღწევას გავუსვა ხაზი. პირველი, ეს არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებას, ასევე განვითარება მოიტანა 1-მა ოქტომბერმა, განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა , ძალიან ბევრი გაკეთდა, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბაღების მშენებლობა, საავადმყოფოების და კლინიკების მშენებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და გვაქვს გაცილებით ამბიციური გეგმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა - სიღარიბე და უმუშევრობა ერთად დავძლიოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, 24-საათიანი მუშაობის მთავარი მამოძრავებელი და მოტივაციის მომცემი ჩვენთვის. - ირაკლი ღარიბაშვილი
ულამაზესი პარკებია შემორჩენილი, რომელიც ძალიან ადრე გაშენდა, თუმცა ვთვლი, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო რამ დავამატოთ, ბევრი ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის წყალტუბოს. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია შევქმნათ მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ცაგერს ლენტეხს, შემდეგ ახალი გზა, რომელიც უშგულამდე ავა და ტურისტული მარშრუტი სრულად შეიკრება. - კახა კუჭავა
წყალტუბო, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ის არა მხოლოდ იმერეთის მარგალიტია, არამედ საქართველოს უნიკალური ბუნების და სილამაზის ადგილია. ადგილი, რომელიც ტურისტული კუთხით იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა კავშირში. თუმცა, ამბიციური გეგმა, რომელზეც ჩემი კოლეგაც ისაუბრებს, გულისხმობს, რომ წყალტუბო გახდეს პოპულარული არა მხოლოდ იქ, სადაც ადრე იყო, არამედ დაიბრუნოს თავისი დიდება და გახდეს ყველაზე პოპულარული კურორტი უკვე მსოფლიოში. ამისთვის ყველა პირობა არსებობს.
როცა ვსაუბრობთ წყალტუბოზე და საერთოდ იმერეთზე, უნდა ითქვას, რომ იმერეთი ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეა, გამორჩეულია თავისი ლამაზი ბუნებით და შესაბამისად, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები გვაქვს იმერეთში, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება, ზრუნვა სჭირდება. რომელსაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან დღემდე, 15 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაცული ტერიტორიების აღდგენა - შენარჩუნებისთვის. - ლევან დავითაშვილი
წყალტუბოში გვაქვს ლამაზი შენობები, რომელიც უფუნქციოა, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც პატრონობა სჭირდება. ეს პოტენციალი დაინახა ბიძინა ივანიშვილმა ბევრად იმაზე ადრე, ვიდრე კურორტის გენგეგმის მომზადება დაიწყო და მისი ცნობილი ინიციატივა გააჟღერა. პრომეთეს მღვიმემ ნაწილობრივ დაუბრუნა წყალტუბოს ტურისტული ცნობადობა, ცნობადობა იმისა, რომ ეს არის უმშვენიერესი, ულამაზესი, ბუნებრივად დაჯილდოვებული ბალნეოკლიმატური კურორტი. წყალტუბოს გენგეგმის ერთ მილიონიან კონკურსში იტალიურ-ქართულმა საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა და მათი ბრწყინვალე პრეზენტაცია მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ ჩვენ, წყალტუბოს მოსახლეობამ, პროფესიულმა წრეებმა. პრეზენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა წყალტუბოს, როგორც კურორტს და აუცილებლად როგორც ქალაქს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, ეს ორი თანმხვედრი ჰარმონიული ელემენტი, რასაც წყალტუბო აერთიანებს, რაც მას ხდის ნამდვილად გამორჩეულ მდებარეობად. - ირაკლი ქარსელაძე
დღეს უამრავი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, კეთდება ინფრასტრუქტურული პროექტები, გრძელდება სამუშაოები, ამიტომ აქ შეჩერებული არაფერი არ არის. ჩემო წყალტუბოელებო, ჩვენ ერთად, ამ დიდ საქმეს გავაკეთებთ და ამას ჩვენ ერთად დავინახავთ. გაივლის 4 წელიც და ჩვენ უკან მოხედვის არ შეგვრცხვება. მინდა ჩემს წყალტუბოელებს მოვუწოდო, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ. მე სურვილი მაქვს, რომ წყალტუბომ განსაკუთრებულად გაიმარჯვოს და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებისთვის. - გენადი ბალანჩივაძე