01
სექტემბერი,
2021
მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვები ყველა სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარება. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და გეგმა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რამდენ ხანში, როდის და როგორ. ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა სტაბილურობის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ამ მავნებლებს არ მივცეთ ქვეყნის არევის საშუალება, ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, არის დემოკრატიული არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის გარანტირებული და ჩვენ უკვე 7 დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატარეთ თქვენთან ერთად და გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. ახლა, საჭიროა, მერვე არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ მომდევნო სამი წელი იყოს სწრაფი განვითარების, მუშაობის, აღმშენებლობის წლები, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. გვაქვს სერიოზული გეგმები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვინდა, რომ გავაფართოოთ, მაქსიმალურად, მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შევიტანოთ სიკეთე და კეთილდღეობა. - ირაკლი ღარიბაშვილი
ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა. ეს არის ყოველდღიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - მერთან და საკრებულოსთან ერთად. ეს არის ახალგაზრდობის ჩართულობა და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე, სამტრედიაზე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საკვანძო ფუნქციით და ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკაში ათწლეულების მანძილზე.
დღეს ამას დაემატა კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც იცით თუ როგორ ვითარდება. ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა დავინახოთ და მერის მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობით ვიხილოთ ძლიერი რეგიონები. - კახა კუჭავა
ბატონი პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყველა სამინისტრომ შეიმუშავა განვითარების ათწლიანი, ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის პრეზენტაციაც განხორციელდა და ახლა ჩვენ უკვე რეგიონებშიც ვიწყებთ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს გეგმების პრეზენტაციას და მოხარულები ვიქნებით, თუ დაესწრებით. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება გაგრძელება, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი სახელმწიფოს მართვაში. აქ გადაწყვეტილებას უშუალოდ ღებულობს ხალხი იმ საკითხებზე, რომელიც მას ყოველდღიურად აწუხებს. მინდა გთხოვოთ როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომ მხარი დაუჭიროთ განვითარებას, რომელმაც მოგვიტანა მშვიდობა, რომელმაც მოგვიტანა ის, რომ ქვეყანა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე, რომელმაც ევროპასთან დაგვაახლოვა ისე, როგორც არასდროს. - რატი ბრეგაძე
კარგად ვიცნობ ჩემს მშობლიურ სამტრედიას, რკინიგზელთა ქალაქს. კარგად ვიცი, თუ რომელ დასახლებასა და უბანს რა სჭირდება და რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე ამ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, გამარჯვების შემდეგ, სამეურნეო დარგსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში შეძენილ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ახალი შემართებით, განახლებული ენერგიით და მოვახმარ ჩემს სამტრედიას. - დავით ბახტაძე