×
×

17 მარტი, 2015

ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო

ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება.
პროექტი რეგიონების ეკონომიკურ აღმავლობაზე, ქალაქების გამოცოცხლებაზე, საწარმოების ამუშავებაზე, ადამიანების დასაქმებასა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და არსებობს დეტალური სურათი, რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
მთავრობის მეთაური პირველად სამცხე-ჯავახეთს ეწვია და რეგიონის საწარმოო პოტენციალზე ბიზნესმენებს ესაუბრა.
„სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება - სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს. რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და გამორჩეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, რაც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების წინაპირობა. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა. გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს“, - მიმართა პრემიერმა ბიზნესმენებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა.
· საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე;

· დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება;

· იწყება უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაცია - მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი;

· მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი; გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა;

· საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი;

· „სოფლად სახლი“-ს პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე;

· სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 000 000 ლარის დახმარება;

· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი და 1200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი;
· მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1 016 700 კომპლექტი მიიღეს; 

· უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო;

· სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 12 000-მდე სტუდენტი

· აშენდა 20-მდე ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკოლას;

· 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი

· “სინათლე ყველა სოფელს“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ელექტრიფიცირდა 22 სოფელი;

· 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური. მთლიანი ინვესტიცია - 251 მლნ აშშ დოლარი.
· 2013-2014 წლებში სპეციალური შეღავათიანი პირობებით თვეში 25 ლარად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ 88 000 აბონენტს.
· ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები;
· ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ევროკავშირთან -32%-ით, რუსეთთან - 153%-ით
· 2012, 2013, 2014 წელს ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

· 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია.

· „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი - პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარია;

· სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოები 2015 წლისათვის დაასაქმებენ 4 500-მდე ადამიანს;

· 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან 4 525 526 500 აშშ დოლარი შემოვიდა;

· გაკეთდა 54 კმ ახალი გზა და აშენდა 19 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზას და 87 ხიდს;

· გარემონტდა 573 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რეაბილიტირებულია 3,000 კმ სარწყავი არხი;

· 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი;

· მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 605 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 835 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 579 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 704 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232,486 ლარის ღირებულების ვეტ.პრეპარატები;

· ჯამში მოიხნა 427,765 ჰექტარი მიწის ფართობი;

· შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 799,324,000 ლარის ოდენობის 27,713 სესხი;

· გაიხსნა 105 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 580;

· სოფლის მეურნეობაში დაფინანსებულ საწარმოებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა;

· ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან უკვე შესყიდულია 218 ტონა ყურძენი;

· მევენახეებმა 2 წლის მანძილზე შემოსავლების სახით მიიღეს 289 მლნ ლარი;

· სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 200 მლნ ლარი შევიდა;

· პრემიერის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივესტეტებში 87 სტუდენტის სწავლა დააფინანსა.