×

17 აგვისტო, 2021

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენა

მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში. - ირაკლი ღარიბაშვილი


არ შეიძლება არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი ხეობები, ჩანჩქერები, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აღვნიშნავ მაჭახელას ხეობას, რომელზეც მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ძალიან მალე დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაიზრდება ტურისტების ნაკადი.
იქმნება სპეციალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის - იქნება ეს საქართველოს მოქალაქე, თუ უცხოელი ტურისტი. - კახა კუჭავა


ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, მომავალ მერთან ერთად, ძალიან ღირსეულ ადამიანთან, გამოცდილ საჯარო მოხელესთან ერთად და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, რომ თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში. ხელვაჩაური ყოველთვის ედგა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს ერთიან გუნდს გვერდში და ეს არც წელს იქნება გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნისა და ხელვაჩაურის წარმატებისთვის. - თორნიკე რიჟვაძე


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად დასახელება დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ემსახურო ასეთ მშრომელ და პატრიოტ ხალხს, ემსახურო უნიკალური ბუნების მქონე მუნიციპალიტეტს, ჩემთვის, როგორც ხელვაჩაურელისთვის, დიდი პატივია.
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ მომცა ეს შესაძლებლობა. გარწმუნებთ, არც ჩემს პოლიტიკურ გუნდს და არც ჩემს მოსახლეობას იმედებს არ გაგიცრუებთ. მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი წინ წავიდეს, უფრო გალამაზდეს და გაჯანსაღდეს, გაძლიერდეს ეკონომიურად. - ზაზა დიასამიძე