×

11 აგვისტო, 2021

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გარდაბნის მერობის კანდიდატის წარდგენაზე

მე მინდა, პირველ რიგში, ჩემი გამოსვლა მადლობით დავიწყო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი ოჯახისადმი, ჩვენი პარტიისადმი, რომელიც მართლაც ჩვენი ოჯახია და მივყვებით ქვეყნის განვითარებას.

ბოლო 7 არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან საპატიო, საამაყო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, მძიმე ჯვარი, რომელიც ჩვენ გვაკისრია. მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია - მშვიდობას და სტაბილურობას. მე ყოველთვის ვიმეორებ ამ სიტყვებს - მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სამი ძლიერი სიტყვა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასიც, სტაბილურობის ფასიც და ვიცით ომის ფასიც - ომის, არეულობის, ქაოსის, დესტაბილიზაციის. ომის და ქაოსის, რევოლუციების დრო დასრულდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო - ამის დრო არასოდეს უნდა განმეორდეს. ამის გარანტი არის ჩვენი „ქართული ოცნება“ ჩვენი ძლიერი გუნდი.

ჩვენ შევიკრიბეთ აქ, კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შევეხო საკითხებს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს აწუხებს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვმუშაობთ გეგმებზე, შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვაც თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის და სოფლის დონეზე უნდა ჩავშალოთ ეს გეგმები. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონების განვითარებას რა სჭირდება, რა სჭირდება გარდაბანს. ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაზიფიცირების საკითხი იყო. წყალმომარაგების საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი. წყლით მომარაგების საკითხი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პარადოქსია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია სულ მოსახლეზე წყლის რესურსებით, ამ დროს ხარისხიანი წყალი არ აქვს დაახლოებით 3000-ზე მეტ სოფელს. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომ მოვაგვაროთ 2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და წლების მიხედვით, 2030 წამდე გვაქვს გაწერილი გეგმა, ყველა სოფელი, 3000-ვე სოფელი იქნება მომარაგებული ხარისხიანი წყლით.

ხარისხზე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ყველაფერი ხარისხიანი - ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა. ხელმისაწვდომობა იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ახლა უნდა გადავიდეთ ხარისხზე. ამ კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული ტიპის ურბანული განახლების პროექტების შემუშავება და ყველგან დავიწყეთ სამუშაოები. უნდა დავიწყოთ მუნიციპალური ცენტებით და გადავიდეთ პერიფერიებში. ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ვაქციოთ ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტად, ქალაქად. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი მომდევნო წლების განმავლობაში. ეს დავალება უნდა იყოს ახალი მერის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს, იშრომოს ჩვენი ხალხისთვის.

მე წინა გამოსვლაზე ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ იქნება ეს მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებული, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარლამენტის წევრი, ჩვენ ყველა ამ სულისკვეთებით ვართ, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ყოფა. პრობლემები, რაც აქვთ, ყველაფერი გადავუწყვიტოთ ძალიან მოკლედ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დავალება. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, აცრის მნიშვნელობაზე გითხრათ. ჩვენ ეხლა ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა- არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ეს არის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა, მეცნიერების რჩევა, რეკომენდაცია, მოწოდებაც იმიტომ, რომ აცრის გარდა, სხვა რეცეპტი, რესურსი, სხვა არავითარი გამოსავალი არც მთავრობას, არც მსოფლიოს მთავრობებს, არავის არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი არის აცრა და ხარისხიანი ვაქცინების შეთავაზება, რომელიც შეუძლია მთავრობას. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი, რომელიც ძალიან ვერაგი ვირუსია, ვთქვათ ასე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა. მილიონობით ადამიანზეა საუბარი. მესმის, რომ ძალიან რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკის განვითარებას, მოქალაქეები შიმშილით არ უნდა გარდაიცვალონ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ყველა თანხმდება და ეს აპრობირებულია უკვე, ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები- ყველაფერი, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია. აცრილი მოქალაქე არ კვდება. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და ყველა უნდა ავიცრათ. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა.
ასევე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, ჩვენი ყველას დანაკარგია. დღეში ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე შეიძლება ათეული და ასეული ადამიანი გარდაიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო, აქედან 20-30% არის კოვიდის გამო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია, დანაკლისია, სამწუხარო ამბავია. ამის პრევენციისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება.