×

11 აგვისტო, 2021

წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით! მივესალმები პრემიერ - მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მოწვეულ სტუმრებს.

პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. დამერწმუნეთ, მართლაც ამაღელვებელია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, მშობლიურ ქალაქში წარმოადგენდე შენს გუნდს და საკუთარ ხალხთან ერთად წალკის უფრო მეტად განვითარებაზე ზრუნავდე.

მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება აქაურობას უკავშირდება. აქ დავიბადე, გავიზარდე, დავიწყე ჩემი ქვეყნის სამსახური და დღემდე ასე გრძელდება. ზუსტად ვიცი რა უჭირს აქ მცხოვრებ ხალხს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ძალიან ბევრი მიფიქრია, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა.

წალკაში ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაზე, მუნიციპალიტეტზე და რაც მთავარია, ერთმანეთზე შეყვარებული, მშრომელი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. აქ ყოველდღიურად მტკიცდება ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტოლერანტობის ტრადიცია, რაც პირადად მე, როგორც ამ კუთხის შვილს, უდიდესი სიამაყით მავსებს.

ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარების სწორი ხედვა, რეალური სტრატეგია, გამოცდილება და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც თითოეულ პირობას აკმაყოფილებს.

უკვე 30 წელია ჩემი მუნიციპალიტეტის სამსახურში ვდგავარ, მქონდა პატივი უამრავი სხვადასხვა, მათ შორის, მერის პოზიციიდანაც ვმდგარიყავი ჩემი ხალხის სამსახურში.

ზუსტად ვიცი, რომ აუცილებელია დაწყებული საქმე გაგრძელდეს. აქ მცხოვრები ხალხის ჩართულობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობითა და მუნიციპალიტეტის ინტერესებზე მორგებული ხედვით შევძლებთ, რომ გამარჯვების შემდეგ, განახლებული ენერგიით შევუდგეთ დაწყებული საქმეს და ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებას.

თქვენი იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!