×

10 აგვისტო, 2021

დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით მეგობრებო და დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.

მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს.

დამერწმუნებით, თითოეული ადამიანისთვის დიდი პატივია, როდესაც შენი პოლიტიკური გუნდი დიდ ნდობას გიცხადებს და როგორც შენთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქის მერობის კანდიდატად წარგადგენს.

რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი და ასეთი ნდობა დიდი სიამაყით მავსებს.

ჩვენი ქალაქის ისტორიაზე და მის არათუ ლოკალურ, არამედ მსოფლიო მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან ისედაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პირველი ევროპელები სწორედ დმანისიდან არიან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს იყოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი რეგიონში, რაც პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე, არამედ აქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე.

პირობას გაძლებთ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, საჯარო სამსახურსა თუ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას მიღებულ გამოცდილებას სრულად მოვახმარ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას.

თქვენი აქტიური ჩართულობით, სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით, ერთი მხრივ გადავჭრით დმანისელების წინაშე არსებულ პრობლემებს, მეორე მხრივ კი სრულად ავითვისებთ ჩვენი ქალაქის დიდ პოტენციალს.

რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერს მყისიერად მივაღწევთ და წარმატება მარტივად მოვა, თუმცა, მზად ვარ, მთელი ჩემი გამოცდილება, ენერგია და დრო დავუთმო ამ ქალაქს, აქ მცხოვრებ ადამიანებს, რათა ჩემი გუნდის და რაც მთავარია - დმანისელების აქტიური ჩართულობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მისია და დმანისი უფრო მწვანე, განვითარებულ და წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ, საჯარო სიკეთე კი დმანისში მცხოვრებ თითოეულ ოჯახზე გადავანაწილოთ.

რა თქმა უნდა, მთელი რიგი მიმართულებებით არაერთი გამოწვევა არსებობს, მაგრამ მთავარი მონდომება და თქვენი მხარდაჭერაა. მჯერა, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!