×

30 ოქტომბერი, 2020

გიორგი გახარიას მიმართვა

ჩვენ დღეს აქ, გლდანში, თბილისში, ჩვენი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე გვაქვს. ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის წარსულში დაბრუნებას. წარსულში - უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსების და ადამიანის ფეხქვეშ გათელილი ინტერესების დროს. 

ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათზე, ვისაც ჩვენი მხრიდან ზრუნვა ყველაზე უფრო სჭირდება - რა თმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებსა და პენსიონერებზე. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეძლო და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა, რომ ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ და ეს ვერ გახდება საარჩევნო, პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბავშვებზე, ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური მდგომარეობა სულ უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ.

რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და 2013 წლიდან დღემდე ჩვენ დევნილებს გადავეცით 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი. ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კიდევ გადავცეთ 13 ათასი საცხოვრებელი, მაგრამ ჩვენ ყველას კარგადა გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში ვიზრუნოთ მშობლიურ სახლებში მათ დაბრუნებაზე. გონივრულად, მშვიდად, მშვიდობიანად, მაგრამ მათი დაბრუნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს და არ უნდა მოგვერიდოს ვთქვათ, რომ სახელმწიფო დგას ეფექტურ და კეთილსინდისიერ პოლიციელზე და ჯარისკაცზე, მასწავლებელზე და ექიმზე და მაშინ, როდესაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ ყო0ველთვის დავუდგებით მათ გვერდით, როგორც სოციალური დახმარებებით, ისე ყველა იმ საშუალებით, რომლითაც სახელმწიფო მათ გვერდით უნდა დაუდგეს. ეს არის ის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. ჩვენ გავაგრძელებთ და მივეხმარებით ჩვენს გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, შეძლოს დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და გახდეს დამსაქმებელი, ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოთ თავისი ოჯახი. რა თქმა უნდა, თანაბარი პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის, დაცული საკუთრების უფლება, ეს ის პირობებია, რომლის გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულად დასავლეთისკენ სვლას. ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს - თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო რეჟიმი -  ეს ყველაფერი არის გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. 

ჩვენი ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ წესრიგში გვაქვს მოსაყვანი. 2013 წლიდან 2019 წლამდე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში 23 მილიარდი ლარის ინვესტირება მოახდინა. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას გავაკეთებთ, ორჯერ მეტს. ეს არის კეთილმოწყობილი გზები, სკოლები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ.

ამ გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ჩვენ, სულ ახლახან, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ დამატებით 2021-2024 წლის გაზიფიცირების პროგრამა და 2024 წელს სრულად დასრულდება ქვეყნის გაზიფიცირება. ეს იქნება პროცენტულად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ პრიორიტეტულად გავაგრძელებთ მუშაობას, საჭიროა ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად - თანაბარი პირობები  ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, ეს იქნება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, თელავი, ახალქალაქი, თუ ახალციხე. ჩვენ უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები ყველა მოქალაქეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ევროპული. 

ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ერთი ძირითადი მიზნისკენ -  რაც შეიძლება სწრაფად და ახლოს იყოს ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, გადავდგათ ჩვენი ქვეყნის ასწლეულების ყველაზე დიდი ოცნება და 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ  ვშრომობთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ იგრძნოს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ და ღირსეულ პროცესში.

ჩემო ძვირფასებო, არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მიაღწევს ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!