29 ოქტომბერი, 2020
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ , როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისათვის. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, ძალისხმევას არ დავიშურებ , რომ ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვაკეში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა . მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა და ქალაქის მერმა უკვე ისაუბრეს ამაზე , არ შემიძლია არ აღვნიშნო ჭავჭავაძის გამზირი . ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ წინასაარჩევნოდ და ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან გახარებული, რომ მათ მიიღეს შესაბამისი სივრცეები როგორც ველოსიპედით , ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისათვის. ასევე მიიღეს უფრო მეტად გამწვანებული სივრცე. არ შემიძლია არ ვთქვა ახლად რეაბილიტირებული მზიურის შესახებ იმიტომ, რომ ახალმა მზიურმა პრაქტიკულად გააცოცხლა ნოდარ დუმბაძის ოცნება ბავშვთა ქალაქზე. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ ვაჟას, თამარაშვილის ხეივანი. 35 წლის განმავლობაში საზოგადოება ელოდებოდა მეტრო უნივერსიტეტის გაკეთებას და დღეს ამ მეტროს 15 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს ყოველდღიურად. ვაკის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე პრაქტიკულად არ არსებობდა წყალმომარაგების ქსელი, არ არსებობდა ინფრასტრუქტურა. დღეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას აქვს წყალმომარაგების ქსელიც და ასფალტირებული გზებიც . როგორც ხედავთ, დღეს ვიმყოფებით ვაკის პარკში. არ შემიძლია არ შევეხო ამასაც - დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ეს იქნება ერთ -ერთი საუკეთესო სივრცე ჩვენს დედაქალაქში, თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მოსახლეობას, ჩვენ, გამოწვევები და პრობლემები არ გვაქვს.
წარმატებული პროექტების მაგალითზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მთელი ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე მომავალში. ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიდევ უფრო ახლოს ილიას უნივერსიტეტი და არაერთი საჯარო სკოლა. ჩვენს რაიონში ცხოვრობენ დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები - გპირდებით, მე ვიქნები განათლების სისტემის და ხელოვნების სფეროს განვითარების აქტიური მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტში. ვაკეში ჩვენ გვაქვს საქართველოში სიდიდით მეორე, მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო მოედანი, ახალი სპორტის სასახლე, სარაგბო კომპლექსი, ასევე მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების სპორტული მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა.
ჩვენს რაიონში ვარჯიშობენ, ცხოვრობენ წარმატებული მორაგბეები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები და სხვა სპორტის წარმომადგენლები. ვაკეში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სპორტული მოედანი და სპორტული სივრცე შეიქმნა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად. პარლამენტში მე გავაგრძელებ სპორტის მხარდაჭერას და თქვენთან ერთად ვიამაყებ ჩვენი სპორტსმენების წარმატებებით.
ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დევნილი მოსახლეობაა. პირადად ჩემთვის, ყოველდღიურობა იყო და იქნება მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. მინდა ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე ამ მძიმე პანდემიის პერიოდში. აქ ცხოვრობენ ექიმები რომელთა პროფესიული გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და შეუცვლელია. მე დავუჭერ მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას მოემსახურება. არ შემიძლია გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც 24 საათის მანძილზე ჩვენს გვერდით იდგა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. გპირდებით, თავს არ დავზოგავ ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მსახურებაში. 31 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი საქართველოს წარმატებულ მომავალს.