×

08 ნოემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან.
როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი.
ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები , ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს.