×

28 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გერმანიაში. ერთობლივი განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრის იური ლეანკასერთობლივი  განცხადება.

                                                                                                                       

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრისთვის ქალბატონ კანცლერს.

დღევანდელი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გაღრმავებული ურთიერთობების ნათელი ნიშანია. 

 

ხუთი წლის წინ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ ევროპული გზისადმი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ წარმატებით გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით.

 

 ჩვენ ვამაყობთ, რომ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს აღმოსავლეთ პარტნიორობით გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით. როგორც უკვე აღინიშნა, 27 ივნისს  ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროს მოდერნიზება.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ქმნის ძალიან დიდ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს შეთანხმება ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის განმტკიცებას. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია ეფექტიანად განახორციელოს ასოცირების შეთანხმება, რათა სრულად მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პერსპექტივა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტია,

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დიდად არის დამოკიდებული რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.     

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ,  ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.  ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან, და არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ შევძელით იდეალური ბალანსის დამყარება.

ჩვენ ვიზიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ჩვენი ურთიერთობა თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. ჩვენს ურთიერთობაში იწყება ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ეფექტიანი იმპლემენტაცია და საერთო-ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულება ნათლად წარმოაჩენს შესაბამისი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ევროინტეგრაციისადმი ბუნებრივ სწრაფვას.

მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ   საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში.

დიდი მადლობა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი