04 ნოემბერი, 2020
„ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ეს არის მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტორი.
ცესკოს საიტზე დადებული მონაცემების, რაც არსებითად აღარ შეიცვლება და ფორმულის შესაბამისად, პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა მონაცემები და შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეიძლება დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული მონაცემებით უკვე აქვს გარანტირებული 76 მანდატი. 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, რომ ეს 16-ვე მანდატი შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“. ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის, პრაქტიკულად, გარანტირებული მონაცემებით, ანუ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით.