18 ოქტომბერი, 2020
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.
დღეს ნოქალაქევში ვიმყოფებით. კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა აფინანსებს და სულ მალე სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ისტორიული ეტაპი დაიწყება. უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები განხორციელდა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს სენაკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტებია, სენაკი ხომ დიდი ტრადიციებისა და კულტურის ქალაქია.
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კარგი საცხოვრებელი გარემო, ახალი შესაძლებლობები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ეს არის ის გეგმა, რომელიც სენაკისთვის გვაქვს შემუშავებული. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები კურორტ მენჯის რეაბილიტაციისთვის, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტთან წვდომისთვის. ჩვენ ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენას, ახალი დარგებისა და წარმოებების განვითარებას და სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში უკეთესი ცხოვრების პირობებს შექმნის. სენაკი უნდა ვაქციოთ კეთილმოწყობილ და თანამედროვე ქალაქად.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ მეტს გავაკეთებთ დევნილების პირობების გასაუმჯობესებლად, თავიანთ მხარეში დაბრუნებამდე.
ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ახლობელია. ჩემი დიდი წინაპრები ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიდან, ეკიდან არიან. ჩემთვის კი, ქვეყნის სიყვარული სწორედ წინაპრებიდან იწყება.
ჩემო სენაკელებო, ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა, მოსახლეობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა და ქვეყნის წარმატებამდე მიყვანა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!