×

18 ოქტომბერი, 2020

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას სიტყვით გამოსვლა ფოთში

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.
მაქსიმალურად ვიქნები ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული ყველა იმ პროექტსა და პროგრამაში, რაც ფოთის, ხობის და სენაკის მაცხოვრებლების კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი მუშაობით 4 წლის შემდეგ უფრო ლამაზ და განვითარებულ მუნიციპალიტეტებს მივიღებთ. ძალ-ღონეს არ დავიშურებ და აქტიურ ლობირებას გავუწევ ყველა იმ პროექტს, რაც ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების წინსვლასა და წარმატებას უზრუნველყოფს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ფოთში არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. ავაშენეთ სასწრაფო დახმარების ახალი შენობა, ქალაქს გადმოეცა რეანომობილი. გაიხსნა სამშობიარო სახლი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემოსასვლელ ხიდს. მალე გაიხსნება ფოთის საზღვაო აკადემია, რომელიც სტუდენტებს მომავალი წლიდან მიიღებს. აშენდა ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ფოთში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი მალე გაიხსნება. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. მიმდინარეობს ქალაქში არსებული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ ქართუს.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და კიდევ მეტს გავაკეთებთ დევნილების პირობების გასაუმჯობესებლად, თავიანთ მხარეში დაბრუნებამდე. მიუხედავად დიდი პროგრესისა, ფოთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ორი მთავარი პრობლემა, რაც ქალაქს დღეს აწუხებს, ეს არის წყალანირების სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა, ამ მიმართულებებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვპირდებით მოქალაქეებს, რომ აღნიშნული მიმართულებებით სამუშაოების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო, ფოთისა და გურიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც 4 წელი ვემსახურე. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ საზოგადოების წინაშე პირნათელი გახლავართ. არაფერია იმაზე სასიხარულო, ვიდრე მოქალაქეებისგან წამოსული სითბო და სიყვარული, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლისგან.
ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი საზრუნავი ადამიანია. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნდა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!