27 მაისი, 2014
სექტემბერში უკვე გვექნება კანონი მთის შესახებ და მთელი ყურადღება გადავა მთიანი რეგიონებისკენ,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ზარიძეების მოსახლეობასთან შეხვედრისას.
დღეს მთავრობის მეთაურმა თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის გზის აღნიშნული ნაწილის რეაბილიტაცია პრაქტიკულად უკვე დასრულებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაოებზე დასაქმებულ ადგილობრივებს გაესაუბრა და გზის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას, ხოლო მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო შეუმცირდებათ. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 9 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებდა, 174 ადამიანი იყოდასაქმებული. პროექტის ღირებულება 8 888 888 ლარია.
გარდა ამისა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის დასრულების შედეგად ექვსი სოფლის 800 ოჯახს24-საათიანი წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის გაფილტრული სასმელი წყალი ექნება. პროექტის ღირებულება 1 968 456, 96 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 120 ადამიანი, რომელთა 50% ადგილობრივი მკვიდრია.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს მოთმინებისთვის და შიდა გზებისა და სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება აღუთქვა.
"რეგიონები მოვიარე და ყველგან ბევრი პრობლემა დაგვხდა, სამწუხაროდ ოქროს დრო არის დაკარგული, წლების მანძილზე ეს პრობლემები დაგროვდა. ახლა მთავარი არის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარება. უკვე გვაქვს შედეგები, გლეხის შრომა დაფასდა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.