×

17 ოქტომბერი, 2020

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში

ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დღეს ვიყო წარდგენილი აქ, თქვენს წინაშე.
მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ, ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემს მიმართ გამოავლინა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს.
მართლაც დიდი პატივია, ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი.
მინდა მივესალმო ჩვენი გუნდის წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით მოიტანეს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული.
ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ გააკეთა“, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტისტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი.
ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.
დღესდღეისობით ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს - გეგას, მალხაზს და ყველას, თითოეულ თქვენგანს, საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმ უმთავრეს და უდიდეს პრობლემაზე, რომელიც უდგას დევნილ მოსახლეობას.
ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ბოლო 30 წელია ერთად ვცხოვრობთ, დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ მომავალ წელს. ჩვენ შევძლებთ ათასამდე ახალი მოსახლე იყოს ზუგდიდში. ათასამდე დევნილს გადაეცეს ბინა და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველოფა. თუმცა აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არამხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა „ქართუმ,“ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩავუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს, თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლებთ ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია.
კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისთვის, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ყველანი ვფიქრობდეთ, რომ 31 ოქტომბერს არჩევანი არის ერთი და ეს არჩევანი არის „ქართული ოცნება” და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი.
მინდა მოგმართოთ თხოვნით, მობრძანდეთ აუცილებლად არჩევნებზე. მობრძანდეთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და გააკეთეთ არჩევანი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფა. ეს არის უალტერნატივო არჩევანი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ იმედიანად გავიხედოთ მომავალში.
ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი ისტორია, ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა. ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა. მე მინდა ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური.
კვლავ ერთად საქართველოს წარმატებისთვის!