×

17 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, მთელ საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ სახელმწიფოს და ისეთ საჯარო სამსახურს, რომლის მთავარი ღირებულებაც არის მოქალაქე, დღეს ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში თავს გრძნობენ დაცულად, გრძნობენ, რომ მათი ღირსება, მათი უფლებები არის მნიშვნელოვანი. უკვე 8 წელი გვაცილებს იმ ფასადურ დემოკრატიასთან, სადაც მედია იყო მონოპოლიზებული, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უფლებებს ჰქონდა ნულოვანი ღირებულება და სადაც ფარდის წინ იდგნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ატყუებდნენ თავის მოქალაქეებს და თავის საერთაშორისო მეგობრებს და ფარდის უკან იდგნენ მოქალაქეები პირისპირ ჯანდაცვის პრობლემებთან, სიღარიბესთან, იმ გამოწვევებთან, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ ძალიან ბევრი იყო. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული მომავალზე, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სამუშაო ადგილები უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც კერძო სექტორში, განსაკუთრებით, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივცეთ სრული შესაძლებლობა ახალ თაობას, ახალგაზრდებს, რომ შეიქმნან თავისი კარიერა საჯარო სამსახურშიც. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ამ არჩევნებით დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ. დემოკრატია, ძლიერი და ნამდვილი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს, რომ ბიზნესი, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ოჯახის წევრები, უსაფრთხოება ქვეყანაში, ინვესტიციები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესები იქნება უფრო მეტად დაცული და თქვენ გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებთ ქვეყნის მართვის პროცესში. ჩვენ გვეამაყება, რომ თქვენთან ერთად შევძელით ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, როგორიც არის საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა, რომლითაც 7 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა არის დღეისთვის დაფინანსებული, მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით“ 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინეთ. ჩვენ გვეამაყება, რომ შევძელით სამჯერ, ოთხჯერ მეტი ინფრასტრუქტურის აშენება, მაგისტრალური გზების აშენება, ვიდრე ნებისმიერმა წინა ხელისუფლებამ მოახერხა. და რასაკვირველია, მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერის, რომ საქართველოს აქვს შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული საგარეო პოლიტიკა. დღეს საქართველო არის თავისი მეგობრების, საერთაშორისო საზოგადოების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი ჯარისკაცები, ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ, მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას და ისინი იცავენ საქართველოს მშვიდობას და თავისუფლებასაც. დღეს არის ვეტერანთა დღე, და მე მსურს, ხელისუფლების სახელით, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო თითოეულ ვეტერანს, რომელიც მთელი გულით, პატრიოტიზმით, უანგაროდ ემსახურა თავის სამშობლოს. ეს არის მათი შენატანი მომავალში, რათა ჩვენ არა ომით, არა დესტაბილიზაციით, არამედ მშვიდობით, თანმიმდევრული განვითარებით და შრომით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენს წინ არის დიდებული ისტორია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ასევე ჩვენს წინ არის მომავალი და ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ უკეთესი მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანა იმ ძალების უპრეცენდენტო გააქტიურება, რომელთაც სურდათ რევანში, თქვენ, საქართველოს საზოგადოებამ, ყველა ამ პოლიტიკურ ძალას გაეცით უკვე პასუხი ორ არჩევნებში, რომ მათი დაბრუნება შეუძლებელია. დღეს არც ვსაუბრობთ, რომ მათ აქვთ დაბრუნების შანსები, მაგრამ ეს არჩევნები ასევე უნდა გამოვიყენოთ რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები გავიყვანოთ ბოლომდე პოლიტიკური სცენიდან და მათი ადგილი დაიკავოს ჯანსაღმა ოპოზიციამ. ეს იქნება ამ არჩევნებში ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა. გუშინ კიდევ ერთხელ, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ სატელიტურ სისტემას ადამიანი არ მიაჩნია ღირებულებად. რევანშისთვის ისინი გაწირავენ ნებისმიერ მოქალაქეს, თავის მხარდამჭერებსაც კი. როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დაუღალავი შრომით ექიმებმა შეძლეს კოვიდ 19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს ხალხმრავალ შეკრებას, სადაც ჩაყავს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ხალხი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებაზე და მოქალაქეებზე. ჩვენ მოგვიწევს შემდეგ დღეებში, რომ გავაორმაგოთ აჭარაში ჯანდაცვის რესურსები, უფრო მეტი ექიმის მობილიზაცია გავაკეთოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები რჩებიან დღეს ოპოზიციაში. ეს ხალხი უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან და გზა უნდა მივცეთ ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ მზად ვართ სტაბილური, მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემისთვის, ამისთვის გადავდგით ნაბიჯები, ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და თქვენ ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე შეცვალა საარჩევნო სისტემა და ახლა ჩვენ ვატარებთ არსებითად პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებს. ასევე ხედავთ, რომ ეს ადამიანები გულზე მჯიღს იცემდნენ და ამბობდნენ, რომ მათ ძალიან უნდოდათ პროპორციული სისტემა და რა მოხდა მერე: როდესაც კენჭისყრები ჩატარდა პარლამენტში, ზუსტად ეს ხალხი, ეს ოპოზიცია, დილით რომელიც აღტკინებული გაიძახოდა, რომ ძალიან დიდ მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემას, კენჭისყრაზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებებს. ასეთი მოჩვენებითი ხალხია და მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ ხედავს. ჰგონიათ, რომ საზოგადოებას არ შეუძლია თეთრი შავისგან გაარჩიოს. ძალიან მწარედ ცდებიან და ამ ყველაფერს დაინახავენ ოქტომბრის არჩევნებშიც. ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ დემოკრატიის ახალ ეტაპზე, სადაც უფრო მშვიდი, უფრო გაწონასწორებული პოლიტიკა იქნება და მერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია სწორედ ასეთი პოლიტიკური სისტემისთვის. მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, რომ არა თქვენი მოთმინება, თქვენი შრომა და გვერდით დგომა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ საქმეების გაკეთებას, რომელიც გავაკეთეთ, ისიც კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, არაერთი ოჯახი ჯერ კიდევ პირისპირ რჩება გაჭირვებასთან, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებსაც მივხედოთ, მათი პრობლემებიც მოვაგვაროთ, თუ გვექნება თქვენი მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო და საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.